64 წლის ანგელა მერკელი ცამეტი წელია, ქვეყნის სათავეშია. გერმანიის კანცლერის პოსტზე ის მეოთხე ვადით 2017 წლის სექტემბერში აირჩიეს. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად მას კოალიციური მთავრობის ფორმირება გაუჭირდა და პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ შეძლო.
ევროპის ყველაზე გავლენიანი ლიდერი 1954 წელს დასავლეთ გერმანიაში, ჰამბურგში, დაიბადა. რამდენიმე კვირაში მისმა მშობლებმა უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღეს. იმ დროს, როდესაც სოციალისტური აღმოსავლეთიდან ხალხი დასავლეთში გაქცევას ცდილობდა, მერკელის ოჯახი, პირიქით, დასავლეთიდან სოციალისტურ ნაწილში გადასახლდა.
სიმბოლურია ანგელა მერკელის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდიც. 1989 წელს ის აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის ვიცე-სპიკერად დაინიშნა და ნოემბერში ბერლინის კედლის 40-წლიანი არსებობაც დასრულდა.
ანგელა მერკელმა წარჩინებით დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. პროფესიით კვანტური ფიზიკის სპეციალისტია და პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე აღმოსავლეთ ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა, აქ გაიცნო მომავალი მეუღლე.
გერმანიის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენიდან 16 წლის შემდეგ ანგელა მერკელმა ქვეყნის ლიდერის პოსტიც დაიკავა. ანგელა მერკელი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც კანცლერის თანამდებობაზე აირჩიეს.