"რუსეთ-გერმანიის დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხი მოხსნილი რომ არ არის, ამას ადასტურებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 10 წლის თავზე ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირინა ფრუიძემ, გააკეთა.
მისი თქმით, მერკელის ვიზიტისას განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
„რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი დადგება ამ ვიზიტის დროს. ალბათ, საუბარი, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირებას შეეხება, ასევე ენერგეტიკული თანამშრომლობა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი და საქართველოს როლი ევროპის კონტინენტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არის მნიშვნელოვანი საკითხი,“ - აცხადებს ირინა ფრუიძე.
მისი თქმით, გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე მაღალია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა გაძლიერდება, რაც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.