19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
ვერ გასცდა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობას, კანალიზაციას და წყალგაყვანილობას - გიორგი რუხაძე მერკელის განცხადებებზე

ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ანგელა მერკელის განცხადებების გამო, გარკვეულწილად იმედგაცრუებულიც არის.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევის დირექტორი ამბობს, რომ გერმანიის კანცლერისგან უფრო ძლიერ მხარდამჭერ განცხადებებს ელოდა.

„რეალურად, ველოდით არაფერ ახალს და დადასტურდა ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, მე უფრო ძლიერ მხარდამჭერ განცხადებებს ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ სიახლეს არ ველოდი. ქალბატონ მერკელს სიტყვა "ოკუპაცია" არ უხსენებია, არც საოკუპაციო ზოლი არ უხსენებია. ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოზე საუბარი არ ყოფილა. არ უხსენებია სიტყვა ნატო,  არ უხსენებია საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ ვერ გასცდა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობას, კანალიზაციას და წყალგაყვანილობას და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტს,“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ. 

რუხაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ მამუკა ბახტაძეს, პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული გზავნილები ნატოსთან და ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში, ფაქტობრივად, არ გაუჟღერებია.

„თავისთავად ფაქტი, რომ ის დღეს თბილისშია და ის არის ევროპის გავლენიანი პოლიტიკოსი, ეს თავისთავად გზავნილია, თუმცა სამწუხაროდ, დავედით აქამდე, რომ კონკრეტული შედეგი იმ 200 მილიონიანი ინვესტიციის და რაღაც მოფერების გარდა, მე ვერ დავინახე აქედან,“ - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

გიორგი რუხაძე ამბობს, რომ იმ საკითხებზე საუბარი, რომელიც საქართველოს რეალურად აწუხებს, დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა, მათ შორის არის ნატოც, რომელზეც საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„დღეს მან თბილისში მაქსიმალურად თავი შეიკავა რუსეთის წინააღმდეგ და რუსთსადმი კრიტიკულად განწყობილი განცხადების გაკეთებაზე,“ - აღნიშნა რუხაძემ.

 

 

დღის ამბები