"მოუმზადებლობა, არაკომპეტენტურობა და მავნებლური პოლიტიკური ინსტიქტები" - ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მნიშვნელოვან დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას.
ბოკერია ამბობს, რომ გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას პრემიერმა კონკრეტული მაგალითების მოსაყვანად ტრიბუნა არ გამოიყენა. მისი თქმით, სწორედ ასეთი ტრიბუნა უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრემიერს და ესაუბრა ისეთ საკითხებზე, რამაც პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯინოს რუსეთს.
მაგალითისთვის გიგა ბოკერია ასახელებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეს, რომელიც, მისი თქმით, პრემიერს შეეძლო, მოეყვანა როგორც მაგალითი იმისა, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან იმუშავებს, რათა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები და გზავნილები მიიტანოს მათთან და ეს პრესკონფერენციაც ამის მაგალითი იყო, სამწუხაროდ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება ანგელა მერკელის განცხადებებს, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მერკელმა მკაფიოდ გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა, რაც დასაფასებელია.
„ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს მხარდაჭერა, ძალიან ნეგატიური არ უნდა ვიყოთ, ის მკაფიო იყო თავის შეფასებაში, რომ ეს უსამართლოა და მისი პოზიცია საქართველოს მხარდამჭერია. რაც შეეხება იმ არასწორ პოზიციას, რომელიც აქვს ზოგიერთ ჩვენს მეგობრულ ქვეყანას, როგორიც არის გერმანია. მათ შორის, რომ თავს იკავებენ ამ ნაბიჯისგან, რომ რუსეთს დააკისრონ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს არის პრობლემა. ეს არ არის ახალი პრობლემა, მე ამას არ ვაბრალებ ამ მთავრობას, მაგრამ ამ მთავრობას ვაბრალებ იმას, რომ ამ პრობლემის შეცვლას არ ცდილობენ და მერე ამბობენ, რომ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის პრობლემა,“ - აცხადებს ბოკერია.