გერმანიის ფედერალური კანცლერის გზავნილებს ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ანგელა მერკელს პრესკონფერნციაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე არაფერი უთქვას, რაც საქართველოს ხელისუფლების ინერტულობის ბრალია. ამის გამო ოპოზიცია ქართული ოცნების მთავრობას მწვავდ აკრიტიკებს.
ანგელა მერკელი ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ხელისუფლების ოპონენტები აპირებს, რომ დეოკუპაციაზე ნატო-სა და ევროკაშირის ინტეგრაციის თემებსა და შიდა პოლიტიკაზე ისაუბრებენ.
„ვისურვებდი, რომ გზავნილები, რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ყოფილიყო უფრო მკვეთრი, მაგრამ როდესაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შედეგი იქნას მიღწეული, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს კანცლერის შეფასებებით რბილი ენა ამ თვალსაზრისით. სევე მნიშვნელოვანია, რომ კანცლერი ეწვევა ოკუპაციის ხაზს და მოინახულებს მათ შორის ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიას, ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტია. როგორც ჩანს, ეკონომიკის თემა არის ერთ-ერთი წამყვანი ქალბატონი მერკელისთვის. უცნაურია, რომ ჩვენი მხრიდან შეხვედრებში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ეკონომიკის მინისტრი ამ პირობებში. რაც შეეხება ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ამ მიმართულებით გერმანიასთან იმიტომ, რომ ახალი ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, დღეს ვერაფერი მოვისმინეთ,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობა აპირებს, რომ სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებზე შრომითი საემიგრაციო კვოტების გამოყოფასთან დაკავშირებით ისაუბროს.
„გერმანიის კანცლერის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დღევანდელი ევროპის ლიდერამდე მივიტანოთ საქართველოს პრობლემები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საუბარი უნდა შეეხოს სამ ძირითად თემას - პირველი არის საქართველოს დეოკუპაცია და უსაფრთხოება, მეორე - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მესამე - ქართული დემოკრატია და ქვეყანში არსებული შიდა მდგომარეობა. ამას დამატებით ჩვენ ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ იმ ინიციატივაზე, რომელიც შეეხება ევროპაში მყოფი ქართველი არალეგალი მიგრანტებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფას და მათთვის კანონიერი დასაქმების შესაძლებლობის შექმნას,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ.