საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის პარალელურად, დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, მიიღებს.
შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 10 წლის თავზე იმართება.
თბილისში შეხვედრას მორიგ პროვოკაციად აფასებენ.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, შეხვედრას ეხმიანება.
„10 წელი საკმარისია, რომ რეალურად მოხდეს გაცნობიერება, თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის მცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ მოხდეს დეფაქტო ანექსია,“ - აცხადებს ციხელაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, თვლის, რომ ეს შეხვედრა არის გარკვეული პასუხი ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე.
„ეს გარკვეულწილად არის რუსეთის პასუხი მერკელის ვიზიტზე. ვფიქრობ, რომ პუტინმა კიდევ ერთი შეხსენება გაუკეთა, რომ საკუთარი გავლენის ბერკეტები აქვს ამ ქვეყანაში და ეს არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია,“ - განაცხადა სამადაშვილმა.