საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტს საერთაშორისო მედია ეხმაურება.
“მერკელმა მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან,” - სტატიას ამ სათაურით დოიჩე ველე აქვეყნებს.
პუბლიკაციაში წერია, რომ გერმანიის კანცლერი დღესაც ისევე, როგორც 10 წლის წინ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა. მან გააკრიტიკა რუსული ჯარების ყოფნა საქართველოს რეგიონებში და განაცხადა, რომ ამ უსამართლობის დავიწყება არ შეიძლება.
“გერმანიის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ეს თემა რეგულარულად დადგეს დღის წესრიგში,” - წერია სტატიაში.
გამოცემა შპიგელი წერს, რომ კანცლერი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორცილებაში დახმარებას დაჰპირდა და რუსეთ ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გააკრიტიკა.
"მერკელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას," - ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში ტელეკომპანია ეი-ბი-სი. მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, გერმანიის კანცლერის პოზიციის გარდა, ავტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის პირობებში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტს დი ველტ აშუქებს. გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ საქართველო რეგიონის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ევროკავშირთან ყველაზე ახლოსაა და მოწინავე რეფორმატორად მიიჩნევა.
პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ გერმანიის კანცლერი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს და ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან გერმანიაში ლტოლვილების რაოდენობა, თბილისის მხარდაჭერით, კვლავ მცირდება.
გერმანული ტელეკომპანია ა-ერ-დე იუწყება, რომ კანცლერს საქართველოში გარკვეული მოლოდინებით დახვდნენ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება.
ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში მეორედ ჩამოსულმა ანგელა მერკელმა კითხვა საქართველოს ნატო-ში შესვლის თარიღთან დაკავშირებით ღიად დატოვა.
საქართველოს ევრო და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება როიტერსმა.
სტატიის ავტორი წერს, რომ გერმანიის კანცლერი ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს დასავლეთის მხრიდან სოლიდარობას დაჰპირდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროკავშირი წევრი ქვეყანა.