„ბოლო წუთამდე გაუგებარი იყო, ისტორიული ამ ვიზიტში რა იყო, ბოლო წუთს უკვე გავიგეთ, ამ ვიზიტში ისტორიული რა იყო, მანამდე ეს იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერის რიგითი ვიზიტი საქართველოში,“- ასე გამოეხმაურა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ანგელა მერკელის ვიზიტს. მან გერმანიის კანცლერის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვან და პოზიტიურ მოვლენად შეაფასა.
„გერმანიის კანცლერის ვიზიტი დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. პოზიტივია ის, რომ გერმანიამ დეკლარირებულად განაცხადა, რომ გაზსაცავი აშენდება საქართველოში. პოზიტივია, რომ ქალბატონი მერკელი ოკუპაციის ხაზთან მიბრძანდა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, 2008 წელს დასავლეთს რომ ღირსეული პასუხი რომ გაეცა რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ, ყირიმის ანექსია არ მოხდებოდა.
გრიგოლ ვაშაძე მერკელის მიერ ოპოზიციაზეც გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში გადასვლა, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას ნიშნავს.
„გერმანიის კანცლერი - უმაღლესი კლასის პოლიტიკოსი, ბრწყინვალედ იყო ინფორმირებული ყველაფერ იმაზე, რაც ხდება საქართველოში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე. როცა ქალბატონი მერკელი გვაძლევდა შეკითხვებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, მის შეკითხვებში პასუხიც იგულისხმებოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერი საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას ეუბნება, რომ მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემის დრო მოვიდა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.