გერმანიის კანცლერმა სამხრეთ კავკასიური ტურნე აზერბაიჯანში დაასრულა. ანგელა მერკელს ბაქოში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.
გაფართოებულ ფორმატში გამართული მოლაპარაკებების დროს მერკელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი რეგიონში გერმანიის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე საუბარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსაც შეეხო.
კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დარეგულირებაზე გაამახვილა ყურადღება ანგელა მერკელმა სომხეთში ვიზიტის დროსაც, სადაც აზერბაიჯანში გამგზავრებამდე იმყოფებოდა.
ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ორმხრივი მოლაპარაკებები პრემიერთან და პრეზიდენტთან გამართა.
ანგელა მერკელმა, სომხეთის ლიდერებთან ერთად, ერევნის ქუჩებშიც გაისეირნა და ადგილობრივ მოსახლეობასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.