19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ევროპა და აშშ რამდენიმე თვეში საქართველოს ხელისუფლების განაჩენს ელოდება - ნათელაშვილი მერკელის ვიზიტს აფასებს

„მთელი მსოფლიო, ევროპა, აშშ ელოდება რამდენიმე თვეში ქართველი ხალხის განაჩენს მთავარი ოლიგარქის მიმართ, რომელმაც გაძარცვა ქვეყანა. რა თქმა უნდა, მერკელი საქმის კურსშია და ინფორმირებულია,“ - ეს განცხადება პირველმა ლეიბორისტმა, შალვა ნათელაშვილმა, კურიერის პირდაპირ ეთერში ანგელა მერკელის გზავნილების შეფასებისას გააკეთა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში კონკრეტული მიზნით იმყოფებოდა, თუმცა, მისმა ვიზიტმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოუმზადებელია.

ნათელაშვილმა ვიზიტის ხარვეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია თუნდაც ის, თუ რატომ დახვდა ანგელა მერკელს აეროპორტში არა პრემიერი, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრი.

„მაშინ ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა ერთადერთი მიზნით, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მომხდარიყო, ამ შემთხვევაში მერკელი ჩამოვიდა სხვა მიზნით. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩრდილოეთის ნაკადს შეექმნა სერიოზული საფრთხე ვაშინგტონიდან, იქ ტრამპი იმუქრება. იმისთვის, რომ ეს ნაკადი შეიცვალოს, საჭირო გახდა მონახულება სამივე ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის. სწორედ ამ ფორმატში ჩაჯდა მერკელის ვიზიტი.

"ამ ვიზიტმა და ხელისუფლების ქცევამ აჩვენა, რომ ჩვენ არავითარი მთავრობა არ გვყავს, დაწყებული ხალიჩის დაგება-არდაგებით აეროპორტში, გაგრძელებული სრული ქაოსით, ვინ უნდა დახვედროდა," - განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში სრული ქაოსია ყველა სახის დიპლომატიურ ურთიერთობებში. 

დღის ამბები