"ამერიკელი სენატორის გარდაცვალებით საქართველომ უახლოესი მეგობარი და გულშემატკივარი, მსოფლიომ კი უდიდესი პოლიტიკოსი დაკარგა," - ქართველი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ იხსენებენ ჯონ მაკკეინს, როგორც "თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს".
“ძალიან დიდი პოლიტიკოსი და დიდ მეგობარი დაკარგა მსოფლიომ და არა მხოლოდ საქართველომ. ყველა თავისუფლების მოყვარე ერი არის მაკკეინის მეგობარი და დღეს მისი ოჯახი ჭირისუფალი. ის იყო სამაგალითო პოლიტიკოსი, ნამდვილი სინდისი ამერიკელი ხალხის," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა.
მაკკეინის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამენ ევროპულ საქართველოში.
პარტიის წევრების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ყოველთვის იდგა იმ ერის გვერდით, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა.
„ყველა ეტაპზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ის ადამიანი იდგა თავისუფლების გვერდით, თავისუფლებისთვის მებრძოლების გვერდით და ასე იყო საქართველოში. ის ჩვენი ქვეყნის მეგობარი იყო მრავალი წლის განმავლობაში და ის ჩვენს გვერდით დადგა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს,“ - ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.
"ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, მაკკეინი ყოველთვის რჩებოდა საქართველოს მხარდამჭერი და დიდი მეგობარი," - ასე ეხმაურებიან ამერიკელი სენატორის გარდაცვალების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობაში.
„ის აგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას მკაფიო გზავნილებითა და ქმედებებით. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის დიდი დანაკარგი იქნება,“ - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.