შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების ნაკადის ერთი წლით მიღების შეზღუდვის საკითხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გამოეხმაურა.
მიხეილ ბატიაშვილმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, შავი ზღვის უნივერსიტეტის მხრიდან დავალიანების დაფარვა მისასალმებელი ფაქტია.
ბატიაშვილის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი კანონიერი საშუალება სააპელაციო კომისიაა.
„ავტორიზაციის საბჭო არის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი კანონიერი საშუალება სააპელაციო კომისიაა, სადაც უნივერსიტეტმა უნდა წარადგინოს თავისი მასალები. სააპელაციო კომისიის შემდეგ უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს ისევ ავტორიზაციის საბჭოს. ეს ყველაფერი კანონით არის განსაზღვრული. ეს არის კანონის გზა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ, რაც შეიძლება, სწრაფად სტუდენტების ინტერესები. ის, რომ პროცედურა დაირღვეს, ეს გამორიცხულია,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.