კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. დავით ფეტვიაშვილის საკითხზე ცესკომ დღეს იმსჯელა.
ფეტვიაშვილმა განცხადებით თამარ ჟვანიას მას შემდეგ მიმართა, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ სატელეფონო საუბრები გაასაჯაროვა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე, აცხადებს, რომ კომისია საკითხის მოკვლევას აგრძელებს და, თუკი რაიმე დარღვევა გამოვლინდება, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.
საუბარია ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ჩანაწერში დავით ფეტვიაშვილი ლაპარაკობდა, როგორ თანამშრომლობენ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან საარჩევნო კომისიის წევრები და როგორ ნიშნავენ კომისიის ნეიტრალურ თანამდებობებზე მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებს.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორც გითხარით, კრწანისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუწყვიტა უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში, თუკი ფაქტის შესწავლის შემდეგ დადგინდება, რომ არსებობდა დარღვევა, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაეგზავნება ეს ინფორმაცია შესაბამის უწყებებს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეეძლო, ეს განცხადება წარმოედგინა ცესკოს თავმჯდომარისათვის. ცესკოს თავმჯდომარემ ეს განცხადება გამოიტანა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე და შესაბამისად, გადაწვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია ცესკოს თავმჯდომარეს და გადაწყვეტილება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მიიღო ცესკომ კოლეგიალურად,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.