19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
დაპირისპირება საია-სა და იუსტიციის მინისტრს შორის - თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკული კვლევა დაიწუნა 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" თეა წულუკიანს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირების მიზეზი კომისიის ბოლო სხდომა და საია-ს კვლევა გახდა. საოლქო კომისიების დაკომპლექტების შესახებ მომზადებული კრიტიკული დოკუმენტი წულუკიანმა დაიწუნა და კვლევის ავტორები არაპროფესიონალიზმის გამო გააკრიტიკა. დღეს გავრცელებულ ვრცელ საპასუხო განცხადებაში საია-მ თეა წულუკიანს უწყებათაშორისი კომისიის დანიშნულება შეახსენა და კანონით მინიჭებული მანდატის პირადი ინტერესებისა და რევანშისთვის ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მინისტრს ურჩევს თავდასხმის ნაცვლად, ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული საეჭვო ფაქტებით დაინტერესდეს.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის განცხადებები პირადად მოისმინა პაატა მანჯგალაძემ, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის წევრია. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ კომისიის ხელმძღვანელი საარჩევნო ადმინისტრაციის საეჭვო გადაწყვეტილებებით შეგნებულად არ ინტერესდება.

უწყებათაშორისი კომისიის ოპოზიციონერი წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ წულუკიანმა კომისიის ფორმატი წარმოდგენად აქცია, მისი გადადგომის მოთხოვნას ძალაში ტოვებენ.

მმართველ გუნდში თეა წულუკიანის პოზიციას იზიარებენ. პარლამენტის თავმჯდომარე თავადაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ახლა უკვე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

დღის ამბები