"საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, საარჩევნო ბიულეტენებში იქნება "გრიგოლ ვაშაძე - "ძალა ერთობაშია", ჩვენი ნომერი იქნება 5," - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე ცესკო-ში საარჩევნოდ დარეგისტრირდა ნაციონალური მოძრაობის სახელით, თუმცა, ბიულეტენებში ის ამ პარტიის სახელით არ არის წარდგენილი, არამედ წარდგენილია გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას სახელით.
"ჩვენ ვართ 11 სუბიექტისგან შემდგარი, ძალიან მძლავრი გაერთიანება. აქედან 5 არის კვალიფიციური სუბიექტი და იმისათვის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ყველა ის პლუსი, რომელიც აქვს კვალიფიციურ სუბიექტს (ეს არის, უფასო სარეკლმო დრო, დაფინანსებული დამკვირვებლები) რა თქმა უნდა, კანდიდატებს ვარეგისტრირებთ ამ სუბიექტების მეშვეობით. გრიგოლ ვაშაძე დარეგისტრირდა ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ყველაზე მეტი რესურსის მოპოვების შესაძლებლობა ამ შემთხვევაში. ეს არის იგივე ფასიანი რეკლამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გვეკუთვნის და ა.შ. ანუ, ეს არის საარჩევნო სტრატეგიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ძალა ერთობაშია, რომელშიც შედის 11 ოპოზიციური პარტია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით ყოფილიყო გრიგოლ ვაშაძე დარეგისტრირებული. საარჩევნო ბიულეტენებში კი იქნება "გრიგოლ ვაშაძე - "ძალა ერთობაშია". ჩვენი ნომერი ამ შემთხვევაში იქნება - 5. ამაზე დღეის მდგომარეობით აზრთა სხვადასხვაობა არ არის, არამედ ეს არის აბსოლუტურად შეთანხმებული საკითხი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.