ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილი, მოქმედ პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია. პრეზიდენტის განმარტებით, ის ხმას მისცემს კანდიდატს, რომელიც არა პოლიტიკური ელიტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი იქნება.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე მისი პრეზიდენტობის პერიოდზე, უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევასა და არაფორმალურ მმართველობაზეც ილაპარაკა.
„ამ 5 წლის განმავლობაში მე ჩემს კოლეგებს ვეურთიერთობოდი, როგორც პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, დეპუტატებს. არასდროს მათთან ურთიერთობაში არ შემიტანია ის ელემენტი, რომ ვინმე არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ეს დამოკიდებულება განპირობებული იყო, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის პატივისცემით. დეპუტატიც, მინისტრიც და პრეზიდენტიც თავის თავიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და არ უნდა ეძებდეს გამართლებებს თავისი შეცდომების თუ ნაბიჯებისას იმაში, რომ დაემალოს ვინმეს ჩრდილის ქვეშ. თუ მე მქონდა უნარი, რომ არ მიმეცა შესაძლებლობა არავისთვის. რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი შეერყიათ, ეს გამომდინარეობდა არა ჩემი პიროვნული ძალიდან, არამედ საზოგადოების მხარდაჭერიდან. პოლიტიკოსი ყოველთვის გრძნობს ამ ძალას. ამას დავაკვირდები მომავალ საარჩევნო პროცესში, რამდენად მომავალი კანდიდატები იქნებიან თამამნი, ორიენტირებული საზოგადოების არა გახლეჩაზე, არამედ გაერთიანებაზე.
"მე რომ დღეს ვინმე დავასახელო, ასეთი მხარდაჭერის გარეშე, ამ ფონზე, როდესაც ღიად არის ნათქვამი, რომ ჩემს კანდიდატს არ განიხილავს მმართველი პარტია, რომელმაც არც განიხილა ჩემი წარდგენილი კანდიდატურები, ეს იქნება დასახელება დასახელებისთვის,“- განაცხადა მარგველაშვილმა.
არაფორმალური მმართველობის თემაზე განმარტება ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერმაც გააკეთა.
„არაფორმალური მმართველობის დრო, ნახავთ, რომ ერთ დღეს დასრულდება, დამოკიდებულია თქვენს საზოგადოებაზე, როდის დადგება ეს დრო,“- განაცხადა ზატლერმა.