გაერთიანებული ოპოზიცია ტელეკომპანია "იმედს" მათი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ ყალბი "ახალი ამბების" გავრცელებაში ადანაშაულებს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.
დავის მიზეზი 10 წლის წინანდელი ინტერვიუა. გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე "კურიერს" მისცა.
ვაშაძის საარჩევნო შტაბის მტკიცებით, ეს განცხადება "იმედმა" ომის დროინდელ კომენტარად გაასაღა, ფაქტები დაამახინჯა და კონტექსტი შეცვალა.
სინამდვილეში კი ინტერვიუ, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბსა და ტელეკომპანია "იმედს" შორის უკვე მესამე დღეა დავის მიზეზია, 10 წლის წინ, ომის დაწყებამდე, 2008 წლის წლის 4 აგვისტოს, ცხრასაათიანი "კურიერში" გავიდა, რეპორტაჟი ცხინვალის რეგიონში ედუარდ კოკოითს მოწყობილ პროვოკაციებს ეხებოდა და გრიგოლ ვაშაძეც ამ თემაზე საუბრობდა.
სადავო რეპორტაჟი ტელეკომპანია "იმედმა" სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით მოამზადა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლების დავალებით სოციალურ ქსელში პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ახალი ამბები იქმნება, შემდეგ კი დამახინჯებული რეალობის ტირაჟირებას, სახელისუფლებო მედია ახდენს.
ინტერნეტში ოპოზიცის კანდიდატების წინააღდეგ გამოცხადებულ ბრძოლაზე საუბარი იყო სამართლიანი არჩევნების გუშინდელ დასკვნაშიც.