19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ივანიშვილის ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი რუხაძემ, ჰოლანდიის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ დავა წააგო

ჰოლანდიის სასამართლომ ქართველი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის, სარჩელი, რომლითაც ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტისგან ღირსების შემლახველი განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა. მიდელბერკის სასამართლომ ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილის სადაო საჯარო კომენტარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

მოსამართლის გადაწყვეტილების დიდი ნაწილი სარჩელის აღწერილობას ეთმობა. საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისთვის კი მოსამართლეს რამდენიმე პუნქტი დასჭირდა. დოკუმენტში მითითებულია, რომ ყველაფერი, რაც სააკაშვილმა საჯაროდ თქვა, აქტიური პოლიტიკური პარტიის ლიდერის განცხადება იყო.

სასამართლოს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ირაკლი რუხაძე დანაშაულის ჩადენაში არ დაუდანაშაულებია და ყველა ბრალდება მისი მისამართით პოლიტიკური დებატის კონტექსტში ჯდებოდა.

მიხეილ სააკაშვილი თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ რუხაძის სარჩელი მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა განსხვავება ქართულ და ევროპულ სასამართლოებს შორის.

 „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ, დღეს „კურიერის“ ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიის სასამართლოს ღირსების შელახვისთვის აგვისტოს დასაწყისში მიმართა. მიხეილ სააკაშვილს მან მიმდინარე წლის 14 აპრილს გაკეთებული განცხადების გამო უჩივლა, სადაც მესამე პრეზიდენტი საქართველოს გაღატაკებაზე საუბრობს, რაშიც ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაახლოებულ ბანკირებს, მათ შორის ირაკლი რუხაძეს ადანაშაულებს.

ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ბადრი პატარკაციშვილის კომპანიების მმართველი იყო. ახლა ის უკვე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. რუხაძე ივანიშვილის საპარტნიორო ფონდთან ერთად, „ჰაიდელბერგ ცემენტს“ ფლობს, ცემენტის ბიზნესში ირაკლი რუხაძის გამოჩენას გასულ კვირას 25-მდე მცირე საწარმოს დახურვა მოჰყვა.

ირაკლი რუხაძეს ინტერესი მედიაბიზნესშიც აქვს. ის 2012 წლის შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

2016 წელს რუხაძის ინიციტივით, მედიაჰოლდინგი შეიქმნა, რომელშიც მაესტრო, GDS და იმედი გაერთიანდნენ.

რუხაძის სახელს უკავშირდება ტელეკომპანია „იმედზე“ ინგა გრიგოლიას ტოკ-შოუ „რეაქციის“ დახურვა.

 

დღის ამბები