17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
IBSU-ს აბიტურიენტებს რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით ყველანაირ ინფორმაციას სამშაბათს მიაწოდებენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბიტურიენტებს რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით ყველანაირ ინფორმაციას მომავალი კვირის სამშაბათს მიაწოდებენ. 

ამის შესახებ განცხადება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ, გააკეთა. 

მისი თქმით, რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით ცენტრი სხვადასხვა სასწავლებელთან მუშაობს და მათი მხრიდან დაინტერესება არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს არც ერთი აბიტურიენტი. ამიტომ, ძალიან ინტენსიური სამუშაო უკვე მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან, რომლებიც ამ ახალგაზრდებს შესაბამის პროგრამებს შესთავაზებენ. ძალიან ბევრისგან არის გამოხატული ინტერესი და ვფიქრობ, არჩევანიც ექნებათ საკმაოდ კარგი. ვფიქრობ, მომავალ კვირაში, სამშაბათს, მივაწოდებთ აბიტურიენტებს ყველანაირ ინფორმაციას რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იქნება გამარტივებული წესით. მაქსიმალურად შევთავაზებთ ყველა იმ პროგრამებს, რომელიც ინსტიტუტებში ხორციელდება და ჩარიცხვას შეძლებენ," - განაცხადა სანიკიძემ. 

მისივე თქმით, პრაქტიკულად ყველა პროგრამა აქვთ, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჰქონდა თავისი აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული. მისივე განმარტებით, სასწავლებლებთან საუბრობენ სწავლის გადასახადის ოდენობასა და დაშვების პირობებზეც. 


დღის ამბები