ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია საბოლოო დოკუმენტზე შეთანხმებას ისევ ვერ ახერხებს. ქართული ოცნება ოპოზიციის დასკვნას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა მხარს საგამოძიებო კომისიის შეფასებას.
საგამოძიებო კომისიის უმრავლესობაში სწორედ ოპოზიციის წევრები არიან.
გუშინ კომისიის წევრები დოკუმენტის ბოლო ვერსიას რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.
ხმაურიანი განხილვის დროს მმართველი გუნდი ევროპულ საქართველოს სთხოვდა საბოლოო დოკუმენტის წარმოდგენას, რომელშიც ცვლილებებს აღარ შეიტანდნენ. ოპოზიცია კი ქართულ ოცნებას დოკუმენტზე ერთობლივ მუშაობას სთავაზობდა.
ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შეგნებულად აჭიანურებს პროცესს და ცდილობს, ეს საკითხი პოლიტიკურ კინკლაობაში გადაიყვანოს.
“ისინი ცდილობენ პოლიტიკურ კინკლაობას, ამ საკითხის პარტიულ კინკლაობაში გადაყვანას, რაც ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოება ძალიან მოკლე ვადაში ელოდება დასკვნას იმის შესახებ, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. დასკვნას იმის შესახებ, თუ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართალდამცავი, საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, რასაც პასუხობს ეს დასკვნა, რომელზე მსჯელობისთვისაც ქართული ოცნება არ არის მზად. ჩვენ მათთან პოლიტიკურ კინკლაობას არ ვაპირებთ. კომისიის სხდომები დანიშნულია. მათ შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ამ სხდომებში,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
სხდომა დღეს, 5 საათზე, უნდა დაიწყოს. დღევანდელ სხდომას მმართველი გუნდის წევრები არ დაესწრებიან.