„საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“ - ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ბაჩუკი ქარდავამ, გააკეთა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის განცხადებით, საზოგადოების დაკვეთაც სწორედ ეს არის, რომ ოპოზიციამ შეცვალოს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი.
უკვე ცნობილია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია ერთიან საარჩევნო და პოლიტიკურ კოალიციად ყალიბდება.
ერთობლივ შეთანხმებას დღეს ხელი კოალიციაში შემავალი სუბიექტების ლიდერებმა მოაწერეს.
გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზეც ერთიანი ძალით გამოვა და ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს.
კოალიცია მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ ძალას, საერთო მოძრაობას შეუერთდნენ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საერთო ძალით დაუპირისპირდნენ.
„საზოგადოებრივი დაკვეთა გახლავთ შემდეგი - გაერთიანება. მნიშვნელოვანია ბრძოლა ოპოზიციური ველიდან ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პაატა დავითაია, კი აცხადებს, რომ გეგმა, რომელიც ძალა ერთობაშიას აქვს, გრძელვადიანია. გაერთიანების შესახებ კი პარტნიორი ქვეყნებისგან ოპოზიციამ რეკომენდაცია არაერთხელ მიიღო.