საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე, ტელევიზიიდან თანამშრომლების გაშვებასა და ხელშეკრულების პირობების ცვლილებაზე საუბრობს.
გიორგი გვიმრაძე განმარტავს, რომ თანამშრომლების გათავისუფლება აუდიტის დასკვნამაც განაპირობა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა უნდა მოხდეს.
გვიმრაძე განმარტავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საჭიროზე მეტი კადრია დასაქმებული. მისი თქმით, ეს ცვლილება ტექნიკურ პერსონალს შეეხო.
„ახალი სეზონია, ახალი პროცესი მიმდინარეობს, არ დასრულებულა ეს პროცესი, ცხადია. დიდი ხანია, უკვე დაწყებულია, შესაბამისად, ამასთან ერთად ამას თან დაერთო ზევიდან წინა წლის აუდიტის დასკვნის რეკომენდაცია, სადაც იყო აღნიშნული, რომ არის თანამშრომელთა დასწრებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები და უნდა მოხდეს ამის აღრიცხვა და ამის ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც ასევე განხორციელდა. მაისში დასრულდა ეს პროცესი. ადამიანები უფრო მეტი რაოდენობით იყვნენ ფორმალურად დასაქმებულები ამა თუ იმ საქმეზე, ვიდრე ეს იყო საჭირო,“ - განაცხადა გვიმრაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია ხვალაც გაგრძელდება. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, თანამშრომლების ნაწილს ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ აცნობა.
ცვლილება თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს. ახალ პირობებზე დასათანხმებლად ვადა ხვალ იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული თანამშრომლები სამსახურს დატოვებენ.