ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში თბილისში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა იოჰანეს ჰანს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან ჰქონდა. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ასევე დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან.“ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, მათ ისაუბრეს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია.
„საუბარი იყო დემოკრატიის გამოწვევებზე. რა თქმა უნდა უკვე იციან მშვენივრად იმ პრობლემების შესახებ რაც საქართველოში არის. იციან რომ გადაწყვეტილებებს არ იღებს პრემიერ მინისტრი ან ესა თუ ის მინისტრი, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური მანდატი და ხალხის ნდობა ამისთვის,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
ევროკავშირის კომისართან შეხვედრაზე უმცირესობის წევრებმა წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრეს.
„რა თქმა უნდა წინასაარჩევნო გარემოზეც ვისაუბრეთ და იმ რთულ ვითარებაზე, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა სხვადასხვა პარტიებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ ამ სირთულეს მაინც გადავლახავთ და მაინც დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას.“ რა თქმა უნდა ძალადობრივი ფაქტების გამოუძიებლობაზე, წინა არჩევნებიდან და წინა კამპანიებიდან, ესეც მნიშვნელოვანი თემა არის ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშებში. იგივე კორცხელის თემა რა თქმა უნდა და ასევე, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს,“-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით მთავარი აქცენტი გაკეთდა ევროპულ სკოლაზე და ორმხრივ ურთიერთობებზე ევროკავშირთან.
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სხვადასხვა რეფორმებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ პარლამენტის როლზე ქვეყანაში. გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა კონსტიტუციით. ასევე იმ ცვლილებებზე, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში პარლამენტის საზედამხედველო როლის გასაძლიერებლად,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.