08 დეკემბერი 2024,   22:14
ვრცლად
რეკორდულად გაუფასურებული ლარი - ზურაბ ჭიაბერაშვილი ფასების მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობს 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში არ შეინიშნება ეკონომიკური ზრდის პოტენციალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია არ დაიწყება, თუ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ მაშინ როცა ლარი ყოველდღიურად უფასურდება და დღეს ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა, ერთადერთი გამოსავალი საწვავის აქციზზე ფასის დაწევა იქნება.

"ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მართავს ამ ქვეყანას შეუძლებელია მიღწეული იქნას ისეთი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოიწვევს ლარის დასტაბილურებას და საბოლოო ჯამში დაასტაბილურებს ფასებსაც და დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების ჯიბე.

არ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" თვეების და წლების მანძილზე ის რასაც „ევროპული საქართველო" ვეუბნებოდით, რომ დღეს ჩვენ რომ დავწიოთ გადასახადები, პირველ რიგში აქციზის გადასახადი საწვავზე ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი შემსუბუქება იმაზე, რომ ლარის ასეთი მერყეობა, მით უმეტეს ტურისტული სეზონის პიკზე, როცა უნდა ველოდოთ, რომ ლარი ყველაზე მყარი უნდა იყოს, არ გადაიზარდოს ფასების ისეთ ზრდაში, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენს მოქალაქეებს“-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება გრძელდება. ლარი დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ 4 თეთრით დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.62 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ღირებულება 3 ლარსა და 3 თეთრ შეადგენს. კურსის მერყეობა კიდევ უფრო მაღალია საცალო ბაზარზე.

დღის ამბები