ყოფილ პრეზიდენტებს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ ეყოლებათ. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ეს ვალდებულება ეხსნება.
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო დაცვა პრეზიდენტს ვადის ამოწურვიდან ერთი წლის განმავლობაში დაიცავს, ისევე, როგორც ეს ყოფილი პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევებშია განსაზღვრული.
ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა აღნიშნული ერთი წლის გასვლის შემდეგ.
„შემოსულია მთავრობიდან ასეთი ინიციატივა. ჩვენ ჯერჯერობით მომხსენებელი არ გვყოლია ამ საკითხზე და არ მოგვისმენია არგუმენტები, გარკვეული ლოგიკა ამაში არის, მაგრამ მე არ მინდა წინმსწრებად გავაკეთო დასკვნები, მოვისმენთ და ამაზე უნდა იმსჯელოს გუნდმა, დიდი ხნის მსჯელობას არ მოითხოვს ასე ვთქვათ“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.