დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო ოპოზიციამ ახმეტას, ორმოების ქალაქი უწოდა. ადგილობრივებს უკვე რამდენიმე წელია, წყალთან ერთად აღარც გზა აქვთ.
წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, რომელიც 9 მილიონ ლარამდე ჯდება, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო.
ქუჩებზე ღია ორმოები მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ხალხისთვის გაუგებარია, რატომ გაგრძელდა რამდენიმე წელი ახმეტაში წყლის მილების გამოცვლა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, რეგიონში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად 100 მილიონი დაიხარჯა, თუმცა არც ერთი პროექტი არ დასრულებულა. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ახმეტაში - 9 , ლაგოდეხში 11, წნორში 12, საგარეჯოში 8 და თელავში 10 მილიონი გაიფლანგა. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტის შესასწავლად ძალოვან უწყებას მიმართავს.
ოპოზიციის ბრალდებებს ახმეტის მუნიციპალიტეტში პასუხობენ და პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებენ.
სამშენებლო კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი პროექტის ცვლილებაა. მათი მტკიცებით, წყლის ქსელის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება.
ახმეტაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 წლის წინ დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი.