შინაგან საქმეთა სამინისტრო დღევანდელ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით მოქალაქეებს კიდევ ერთ აფრთხილებს. საუბარია მოსალოდნელ პროვოკაციაზე, რომელიც „ქართულმა მარშმა“ გურამ კაშიას წინააღმდეგ დააანონსა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად და ნებისმიერი შემთხვევა რომელიც გასცდება სიტყვისა და გამოხატვის უფლების ჩარჩოებს იქნება აღკვეთილი.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით მატჩის დროს ნებისმიერმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს მატჩის შეწყვეტა და უდიდესი ზიანი მიაყენოს როგორც ქართულ ფეხბურთს, ასევე საქართველოს იმიჯსაც.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ მატჩზე დამსწრე პირებმაც გამოიჩინონ დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და მათი მხრიდან პროტესტი არ გასცდეს გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ზღვარს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს ან ადამიანთა უსაფრთხოებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფეხბურთო მატჩის დროს, ნებისმიერმა დესტაბილიზაციამ ან ძალადობამ შესაძლოა გამოიწვიოს მატჩის შეწყვეტა და უდიდესი ზიანი მიაყენოს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მატჩზე დამსწრე საზოგადოებას, აზრი გამოხატოს არაძალადობრივი ფორმით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დასაშვებ ყველა ზომას უწესრიგობის აღსაკვეთად. ძალადობის ან დესტაბილიზაციის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი პოლიციის მიერ, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის ნებისმიერი დამრღვევი, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულების, ეთნიკური წარმომავლობის თუ სხვა ნიშნისა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ,“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.