17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
"მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა რესურსს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონმა სალომემ გაიმარჯვოს" - ირაკლი სესიაშვილი

„ქართული ოცნება“ გამოიყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს - ამის შესახებ განცხადება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი სესიაშვილმა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მმართველი გუნდი გამოიყენებს როგორც ადამიანური ასევე სხვა რესურსს.

„საპრეზიდენტო არჩევნები აგერ კარს არის მომდგარი და თავისთავად ცხადია ჩვენ ვიმსჯელებთ რა ფორმით, როგორ ჩავერთვებით ამ არჩევნებში. თქვენ იცით, რომ პოლიტსაბჭომ მხარდაჭერა გამოუცხადა ქალბატონ სალომე  ზურაბიშვილს. თავისთავად ცხადია, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონმა სალომემ გაიმარჯვოს,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან მზად იმისთვის, რომ თავიანთ ოლქებში სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადონ მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მის კამპანიაშიც კი ჩაერთონ და გაჰყვნენ მას ამომრჩეველთან შეხვედრისას.  

„ფორმები თუ როგორ მოხდება მხარდაჭერა შეთანხმდება გუნდში. ცხადია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. დანარჩენი არის  ელექტორატის გადაწყვეტილება. ჩვენ  ხაზს გავუსვამ ამას, ჩვენ ვუჭერთ ამ კანდიდატს იმიტომ მხარს, რომ ის გახლავთ წარმოდგენილი სპექტრიდან სწორედ ის, ვინც თავისი კრიტერიუმებით შეესაბამება ყველა იმ მნიშვნელოვან ამოცანას, რომელიც საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ფინანსებს, მმართველ გუნდში ამბობენ რომ ჯერ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ბიზნესმენების მიმართ იქნება მოწოდება რომ სალომე ზურაბიშვილის ფონდში კონკრეტული თანხები გადაირიცხოს. 

დღის ამბები