17 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა მესამე სექტორს შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა კომისიის რამდენიმე თვიანი მუშაობისა და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამტკიცებენ, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით არის დასაწყები. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეფასებები გაკეთდა მესამე სექტორის წევრების მხრიდან. საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის "თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ დოკუმენტით იკვეთება, რომ გამოძიების პროცესში ხარვეზები არსებობდა.

„ამ დოკუმენტით, ის რაც ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიებას ნამდვილად ჰქონდა პრობლემები ეს ცალსახად იკვეთება. სხვა თემაა, ამას მოჰყვება თუ არა ახალი გამოძიება და ეს ნაწილი გახდება თუ არა საგამოძიებო ორგანოებისათვის დამატებითი წყარო, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ, მაგრამ ძალიან ბევრი გარემოება, რომელზეც საგამოძიებო კომისია დასკვნაში საუბრობს, არის დამაფიქრებელი და საჭიროებს შემდგომ გაგრძელებას და მსვლელობის მიცემას,“- აცხადებს სულხან სალაძე.

სალაძის თქმითვე, საგამოძიებო კომისიების სხდომებმა ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ გამოძიების მხრივ ბევრი პრობლემა არსებობს.  

„რეალურად, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთის მხრივ ამ საგამოძიებო კომისიამ და მათ შორის ის რაც საჯაროდ ჩვენ ვნახეთ ამ კომისიის სხდომების შედეგად, გვაჩვენა, რამდენად დიდია პრობლემები ზოგადად გამოძიებაში. თუკი ამ მასშტაბის და ამ მნიშვნელობის გახმაურებულ საქმეზე შეიძლება ამდენი პრობლემა იყოს გამოძიებაში, იოლად შეიძლება წარმოვიდგინოთ, ჩვეულებრივ, გაუხმაურებელ საქმეებში, რამდენი ტიპის პრობლემა არსებობდეს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

საქმეში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აღმასრულებელი დირექტორი,  ნათია კაციტაძე.

„ფაქტია ის, რომ საქმეში არის ბევრი ხარვეზი, რომელიც მათ შორის საგამოძიებო უწყებების მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამო მოხდა და იქნა დაშვებული. ამ მიმართულებით აუცილებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმართულებით დაიწყოს გამოძიება“ - აღნიშნა ნათია კაციტაძემ.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი დასკვნა მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან პოზიტიურად არის აღქმული.

„ყველა იზიარებს იმ მთავარ მიგნებებს, რომელიც ამ დასკვნაში არის გამოტანილი. ისინი ეთანხმებიან როგორც ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე იმ კონკრეტულ მოსაზრებებს, რომელიც არის დაფიქსირებული და აღმოჩენილი კომისიის მხრიდან. ეს ძალიან კარგიო და ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო და ჩვენ გავაგრძელებთ მომავალშიც საზოგადოების ინფორმირებას უკვე იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება ამ რეკომენდაციების შესრულება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები