17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
ივანიშვილმა მარიხუანას მწვანე შუქი აუნთო - საკითხი "ოცნების" შეხვედრაზე განიხილეს

საქართველოში მარიხუანას წარმოება და ექსპორტი შესაძლოა ლეგალური გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა აუნთო მწვანე შუქი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.

სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობას უკვე მზად აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოყვანას ლეგალურს გახდის. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო On.ge-ს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემაც დაუდასტურა. მან აღნიშნა, რომ მარიხუანას ექსპორტი საქართველოს დიდი შემოსავალს მოუტანს.

თუმცა აკაკი ზოიძისგან გასხვავებით მმართველი გუნდის სხვადასხვა წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

მაგალითად ლევან გოგიჩაიშვილი უარყოფს, რომ მარიხუანას ექსპორტზე გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს და ამბობს, რომ განიხილეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„გუშინ იყო მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია კი საერთოდ უარყოფს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე რაიმე კონტექსტში მარიხუანას საკითხი განიხილეს.

„ბუნებაში საკითხი რომელიც არ განხილულა და გუნდის შიგნით არ ყოფილა ასეთი ტიპის საუბარია, ცხადია  ცალკეული ინდივიდის  იქნება ეს დეპუტატი თუ საზოგადოებრივი მოღვაწე  ვფიქრობ უადგილოა ამ ეტაპზე ასეთი ტიპის კომენტარების გაკეთება,“-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გია გაჩეჩილაძე კი ადასტურებს, რომ ამ თემაზე საუბარი გუშინდელ შეხვედრაზე მართლაც იყო. მისივე თქმით ამ შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს წარმომადგენელიც, რომელიც არის ავტორი ამ ინიციატივის.

„ვერსიების დონეზე არსებობს ასეთი რამ. შემოვა კანონპროექტი და ეს ყველაფერი იქნება ნათელი. უბრალოდ ჩვენ ძალიან გაგვჭედა ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და ჩვენ გვიწევს ახლა ამ ვაკუუმის შევსება, რომელიც ამ მარიხუანასთან  არის დაკავშირებული და ძალიან ვამკაცრებთ ყველაფერს. მაგრამ თვითონ რაც მარიხუანას კულტივაციას ეხება, აქ საუბარი იყო იმაზე,  რომ შეიძლება ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით ოღონდ სამკურნალო მარიხუანას მოყვანა იმ თვალსაზრისით, ოღონდ მხოლოდ ექსპორტისათვის,“-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ საუბარი ამ თემაზე მარტო გუშინ არ ყოფილა და ამ საკითხს უკვე გარკვეული პერიოდია მმართველი გუნდი განიხილავს. 

დღის ამბები