იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის.
საქმე ეხება დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძე 2008 წელს რუსულ ორგანიზაციაში მუშაობდა და მათ საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაციას აწვდიდა.
„ამ ორგანიზაციის და ჩემი საქმიანობა იყო ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობა. ძალიან საშიშია, რომ ადამიანის უფლებათა საქმიანობა, იმიტომ რომ გინდა ზიანი მიაყენო ადამიანს, წარმოაჩინო რუსეთის ინტერესებზე მუშაობად, ამას მსუსხავი ეფექტი მოჰყვება საზოგადოებაში, ბატონმა დიმიტრიმ მოიტყუა და მოიტყუა მიზანმიმართულად რაც მე დამაბრალა“-ამბობს დოლიძე.
გვრიტიშვილი წარდგენილ სარჩელს არ აღიარებს. მისი თქმით, მას ცრუ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„სასამართლოს წარვუდგინე მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის მცდარი,ის რომ 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ანა დოლიძე ასრულებდა რუსეთის სასარგებლო საქმიანობას“-ამბობს გვრიტიშვილი.
სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერს განახლდება.