პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის საკითხი იყო. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, კონსულტაციები ამ თემაზე როგორც საპატრიარქოსთან ასევე საზოგადოებასთან გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მოქალაქეებს კანონპროექტთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ ექნებათ.
„მქონდა გუშინ შეხვედრა პატრიარქთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. გვქონდა ძალიან კარგი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. პატრიარქი არის არა მხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერი და ეკლესიის ხელმღვანელი, არამედ ის არის ბრძენი ადამიანი და მას აქვს ყოველთვის სწორი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. აქედან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას ისე ეკლესიას. შეჩერებულია კანონპროექტის განხილვა და დავიწყებთ ძალიან აქტიურ კონსულტაციებს ყველასთან იმისთვის, რომ გავაცნოთ საზოგადოებას კანონპროექტის შინაარსი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ინიციატივა ორი ნაწილისგან შედგება და მათგან ერთი სასწრაფო მიღებას საჭიროებს. საუბარია კანაფის მოხმარების რეგულაციებზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს ის მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტს ეხება, რომელთან მიმართებაშიც ჯერ კონსულტაციები გაიმართება.
„გადავდგით ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას ან ზიანი მოუტანოს ან დიდი სარგებელი. ჩვენ ვთვლით, რომ დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს ისე მთლიანად ქვეყანას. მაგრამ ამაში ყველა ერთად უნდა დავრწმუნდეთ,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. რაც შეეხება კანონპროექტის მეორე ნაწილს, რომლის თაობაზეც კონსულტაციები გამართლება ამ ეტაპზე მმართველი გუნდი არ აკონკრეტებს , როდის დაიწყება საპარლამენტო მოსმენები.
„სასწრაფო გადაწყვეტილებები ნარკოპოლიტიკის სფეროში არ არის ჩემი აზრით დღეს საჭირო,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.