კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართული ოცნების“ კონსერვატიული ნაწილი მოითხოვს, რომ პარლამენტმა საერთოდ არ იმსჯელოს კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მარიხუანის კულტივაციას ლეგალურს ხდის.
ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსენსუსი არ არსებობს და სწორედ ამიტომ გადაიდო მისი განხილვა.
„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და ჩვენი მხრიდან ვიქნებით წინააღმდეგი მუდმივად. ყველანაირი ტიპის კულტივაციის და შემდეგ რაღაც ბიზნესის წამოწყების, ლიცენზიების გაცემის და ა.შ. რაც შეეხება თვითონ უმრავლესობაში, კონსენსუსი არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. სანამ კონსენსუსი არ იქნება, რა თქმა უნდა ეს კანონი მიღებული ვერ იქნება. ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ გადაიდო. რა კულტივაცია ხალხო, რა არის კარტოფილია ვერ გავიგე?! რა კულტივაცია და რა უნდა მოვიყვანოთ და რა უნდა გავყიდოთ, წინააღმდეგები ვართ, რა თქმა უნდა წინააღმდეგები ვართ. არსებობს რაღაც ტიპის მოსაზრებები, რომ ვითომ რომ ეს არის კარგი მაგრამ არ ვეთანხმებით ამ მოსაზრებებს,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მმართველი გუნდის მეორე ნაწილი კი იმედოვნებს, რომ საპატრიარქოსთან დაწყებული მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება და "ქართული ოცნება" დაარწმუნებს ეკლესიას კანაფის ბიზნესის სარგებლიანობაში.