ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ქადაგება მარიხუანას წარმოებისა და იმპორტის გარდა დიდწილად არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის კრიტიკას დაეთმო.
მეუფე პეტრემ მრევლს მოუწოდა არ დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, რადგან ეს ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და წარსულში დაბრუნების ტოლფასი იქნება.
მეუფე პეტრემ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა. წმინდა სინოდის წევრი საკურთხევლიდან ამომრჩეველს მოუწოდებს, არ დაემორჩილოს ხელისუფლების ზეწოლას და არ გააკეთოს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგო არჩევანი.
„წმინდა ილია მართალი ამბობს, რომ არჩევნებს თან ახლავს ცოდვა-მადლი, არჩევნები ცოდვა-მადლის გარჩევის დიდი ასპარეზი და ადგილია. ან სცოდავ შენ შენი არასწორი არჩევანით, ან მადლს მოიპოვებ და მოიხვეჭ შენი სწორი არჩევანით.
რა თქმა უნდა, ადამიანმა, რაც არ უნდა ზეწოლა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსით თუ სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მასზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა, დაექვემდებაროს ამ ზეწოლას და შენი სინდისი, შენი ნამუსის და შენი გონის წინააღმდეგ საქმე არ უნდა ჩაიდინოს შენმა მარჯვენამ. და არ უნდა გააკეთოს ასეთი საქციელი, არ შემოხაზო ის, რომელსაც სინდისი და ნამუსი არ გიკარნახებს“- ამბობს მეუფე პეტრე.