17 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
ბიძინასაც ვეუბნები, რა საჭიროა ფორმიანი კაცი ბიზნესმენი? - სკანდალური ჩანაწერი, სადაც ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები ქუმსიშვილის დახმარებით "ომეგა ჯგუფის" წილების გაყოფაზე საუბრობენ

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალურ გარიგებებზე „რუსთავი2“-მა კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

სატელეფონო საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს. ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, ასევე საუბრის მონაწილე პირია ბიზნესმენი და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი.

საუბრის მთავარი თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და "ომეგა ჯგუფის" წილების გაყოფაა.

საუბარში პირველად სახელდება ბიძინა ივანიშვილი. საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც თანხების განკარგვა მოხდება. სქემის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოებული სიგარეტის რეალიზებაზე იზრუნებს. შემოსული თანხის 50% უნდა ჩაირიცხოს ფონდში, რომელსაც პირობითად პარტიას უწოდებენ და ეს სავარაუდოდ „ქართული ოცნებაა“, 25%-25% უნდა განაწილდეს „ომეგა ჯგუფსა“ და „თბილისის თამბაქოს“ შორის.

ჩანაწერის მიხედვით ამ სქემის განხორციელებაში და გარიგების მოგვარების მთავარ ვერტიკალად აუდიოჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი სახელდება. ხოლო ჩანაწერის მეორე ნაწილში ნახსენებია ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

საუბრის მონაწილე მხარეების ამბობენ, რომ ბაზარზე თამბაქოს ფასს სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი დაარეგულირებს. ასევე ნახსენებია ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ყოფილი ჩინოვნიკები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი, სწორედ ის პირები არიან, რომლებიც საუბრის მიხედვით, ცდილობდნენ ომეგა ჯგუფის წილების გადანაწილებასა და სიგარეტის ბიზნესის კონტროლს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები