17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
"20 ათასი კაცი მშიერი დატოვა,“ - ხმაური ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან  

ამ წუთებში ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ხმაურია. იმ გადამზიდავებმა, რომლებსაც ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხორბლის სახმელეთო გზით იმპორტიორი აეკრძალათ ცოტა ხნის წინ საავტომობილო გზაც გადაკეტეს. 

ისინი ადგილზე ფინანსთა მინისტრის მისვლას და იმ რეგულაციის გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც გადამზიდავებს ხორბლის სახმელეთო იმპორტი აეკრძალათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ ფინანსთა მინისტრი არ შეხვდებათ და არ გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს. აქციაზე შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ, რომ ბიზნესის გარეშე დარჩებიან და მას კონკრეტული პირები დაეპატრონებიან, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებულები არიან.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა აქციის მონაწილეებსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის.

„დღეს მინისტრმა აბსოლუტურად, ეს ხალხი ჩათვალა არარაობად და არ იკადრა ჩვენთან შეხვედრა. ახლა კეთილი ინებოს, მობრძანდეს ფინანსთა მინისტრი და პასუხი გაგვცეს, ხალხს პასუხი გასცეს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თან კიდევ სამასხარაო დროის გაგრძელება ორი კვირით. ეს უკვე ხალხის აბუჩად აგდებაა. 20 ათასი კაცი მშიერი დატოვა,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე,  გიორგი ჯოჯიშვილი.

აქციის მონაწილეების თქმით, საპატრულო პოლიცია მათ ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვს.

„ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ ტროტუარიდან, დიდი ხანი ვისაუბრეთ ცივილურად, მაგრამ ამა არანაირი შედეგი არ გამოიღო, უბრალოდ ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს. ახლა, თუ არ უნდოდათ ცივილურად საუბარი, ახლა უკვე ცივად ვიმოქმედებთ. რასაც გავაკეთებთ აწი, იქნება ჩვენზე დამოკიდებული. ამას მიეცემა უფრო მასშტაბური სახე და სხვადასხვა ადგილას შეიქმნება ასეთი აქციები,“ - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, თენგიზ მუშკუდიანი.

 

დღის ამბები