აღდგება თუ არა ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვა დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ფინანსთა მინისტრისთვის მიცემულ ულტიმატუმს ვადა სწორედ დღის ბოლოს გასდის.
ხორბლის გადამზიდავების აქცია ისევ გრძელდება, ისინი უკვე მესამე დღეა ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის აკრძალვას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ახალი განკარგულების გამო შემოსავლის გარეშე დარჩენა 10 ათას ადამიანს ემუქრება.
ლილოს ტერმინალთან შეკრებილები უარყოფითად აფასებენ ნატახტართან დღის ბოლოს ძალოვანი უწყების მობილიზებასაც, რომლებიც ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნატახტართან აქციის მონაწილეები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ. აქციაზე მცირე შელაპარაკება მოხდა იმ იმპორტიორებთან, რომლებიც პროდუქციის გამოტანას აქციის გამო ვერ ახერხებენ.
აქციის მონაწილეები ტერმინალის გახსნას არ აპირებენ.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.