”ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. ოპოზიციური პარტიის წევრის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რომელზეც ეჭვი აქვთ, რომ კორუფციული ნიშნები იკვეთება.
რეზო ხარაზის განმარტებით, უმაღლესი თანამდებობის პირი პროექტებით არ ინტერესდება. მან დავით გაბაიძეს რეაგირებისთვის ორ დღიანი ვადა მისცა.
„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განმიცხადა, რომ ის არ არის ვალდებული გამოვიდეს კაბინეტიდან და შეამოწმოს ფიჭვნარის სტადიონი ან სხვა გაფუჭებული და სხვა სხვადასხვა შენობა ნაგებობები. სადაც პირდაპირ, მაღალჩინოსნები იპარავენ ფულს. ერთი თევა დავატარებ პროკურატურაში, დავატარებ სხვადასხვა სამსახურებში, მოვუტანე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც არც კი დაინტერესებულა. დღეს უმაღლესი საბჭო არის ყველაზე სამარცხვინო ორგანო,“ - განაცხადა რეზო ხარაზმა.
თავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით კი, ეს საკითხები სამართლებრივად უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას სცილდება.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ და ვერც ერთი თანამდებობის პირი ვერ გაექცევა. იმიტომ რომ თუკი ეს შენდება ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფოს თუ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით, კარგზეც და ცუდზეც პასუხისმგებელი ვართ, ბუნებრივია მმართველი გუნდი. აქედან გამომდინარე, მე ამ პასუხისმგებლობას არ გავექცევი. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართლებრივად, არანაირ კავშირში უმაღლესი საბჭო ამ ფაქტთან ვერ იქნება,“ - განაცხადა დავით გაბაიძემ.