ოჯახში მოძალადეების მიმართ კანონი მკაცრდება. ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაზე მოძალადე ციხეში აღმოჩნდება. განახლდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდნიმე მუხლიც და გენდერული იდენტობის ნიშნით მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება და თვითმკვლელობამდე მიყვანა უფრო მკაცრად დაისჯება. შსს-მ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა უკვე დაიწყო.
ძალოვანი უწყების ინიციატივა არ მოსწონს მესამე სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ მთავარი გამოწვევა - მოძალადეებთან სარეაბილიტაციო მუშაობა, ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება.
ძალადობის ფაქტების დროს, პოლიციელების მხრიდან კანონის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი. იურიდიული სამსახურის უფროსის თქმით, სამართალდამცველები რეგიონებში შემაკავებელ ორდერს არ გამოსცემენ, რაც მათი კვალიფიკაციის ნაკლებობაზე მიანიშნებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება, პოლიციელების მხრიდან, მსხვერპლთან და მოძალადესთან ურთიერთობის კუთხით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში რჩება.
შს სამინისტროს მონაცემებით 2018 წლის აგვისტომდე, ოჯახში მომხდარი ძალადობის გამო პოლიციის მიერ, 4053 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ამავე პერიოდში პოლიციამ ოჯახური ძალადობის 462, ჯანმრთელობის დაზიანების 3 და მკვლელობის 1 საქმე გახსნა.