დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციას ეხმაურება.
პაატა იმნაძის განმარტებით, რამდენიმე ბავშვის ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია, სადაც ნაწლავური ინფექცია ფიქსირდება.
„მოწამვლას ნამდვილად არ დავარქმევდი, ეს არის ტიპიური ნაწლავური ინფექცია იმიტომ, რომ ანალიზების პასუხი ბავშვებიდან რამდენიმესი უკვე არის. სადღაც, ვთქვათ, წარმოების დონეზე შესაძლებელია, მოხდეს საკვები პროდუქტის დაბინძურება. თვითონ ბაღებზე ამ შემთხვევაში არ გვაქვს საქმე იმიტომ, რომ ეს სხვადასხვა ბაღში მოხდა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ რაღაც ეტაპზე რომელიღაც პროდუქტის დაბინძურება შეიძლება მომხდარიყო. ამას იკვლევს სურსათის ეროვნული სააგენტო,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის საბავშვო ბაღში მოწამლულია 25 ბავშვი. ისინი ქუთაისის ჰოსპიტალში ერთი და იგივე სიმპტომებით - მუცლის ტკივილით, ღებინებით და მაღლი სიცხით შეიყვანეს, მათგან 11 მკურნალობას ამ დრომდე სტაციონარში გადის.