დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. ორ სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 70 წლის ვლადიმერ ხარაბაძის პენსიაა. მოხუცი პირველი ჯგუფის ინვალიდია და უკვე 10 წელია საწოლს არის მიჯაჭვული.
ერთი თვის წინ მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ოპერაციის შემდეგ კი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გართულდა.
ხარაბაძეები წლებია მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ოჯახს საკვებით მეზობლები ეხმარებიან.
სოციალური დახმარების აღდგენის თხოვნით ოჯახმა სააგენტოს არაერთხელ მიმართა. სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ დახმარების მოხსნის მიზეზი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთია, თუმცა ამ ნაკვეთის დამუშავება ცოლ-ქმარს არ შეუძლია. მათი განმარტებით ხარაბაძეების სარეიტინგო ქულა 100 ათასზე მაღალია და ფულად დახმარებას ვერ მიიღებენ.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.