უმრავლესობა მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა, რადგან სწორედ მთავრობიდან შემოვიდა პარლამენტში განსახილველად აღნიშნული კანონპროექტი.
„ამ ცვლილებების განხილვა შეჩერებულია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ისე მივიღოთ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება, რომ ამასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ფართო კონსესუსი არ იყოს,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველ გუნდს კანონპროექტის გაწვევის თხოვნით გუშინ ილია მეორემ მიმართა. პატრიარქისგან განსხვავებით საკმაოდ ხისტია მღვდელმთავრების პოზიცია, რომლებიც ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და ხელისუფლებისგან მოითხოვენ დაუყოვნებლივ გაიწვიოს კანონპროექტი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის პატრიარქის პოზიცია მნიშვნელოვანია და „ქართული ოცნება“ არ აპირებს ფართო კონსულტაციების გარეშე მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება.
„არ ვართ ჩვენ ის ხელისუფლება, რომელიც ერის დიდი ნაწილის წინააღმდეგ წავა. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ძალიან დიდი მნიშვნელობის არის დედა ეკლესიის პოზიცია და პატრიარქის პოზიცია. როგორც უკვე ითქვა ამაზე იქნება კონსულტაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ერის ინტერესებში არ არის,"-განაცხადა სოფო კილაძემ.