ხმაურიანი სხდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. ბორდისა და პროფკავშირების წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოს წევრ, გია იაკობაშვილისგან ითხოვდნენ ახსნა განმარტებას - სად და რა ვითარებაში გაქრა, წაიშალა წინა სხდომის ჩანაწერი, რომლის წარდგენასაც არხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში აპირებდნენ.
„ეს არის ქურდულად წაღებული და წაშლილი მასალები,“-მიმართა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა გია იაკობაშვილს.
თავად იაკობაშვილი კი ამბობს,რომ ჩანაწერი არანაირი ინფორმაციის მატარებელი არ იყო. იაკობაშვილი აღიარებს, რომ ჩანაწერი წაშალა, რადგან ის არანაირი ღირებულების არ იყო.
„ოთხსაათნახევრიან ჩანაწერს არავინ უყურებს, მოხდებოდა ამის მონტაჟი ერთი მხრიდან იქნებოდა კონტექსტი ამოგლეჯილი... რაც გამოიწვევდა არასასურველ პროცესებს და ეს იყო იმის ლოგიკა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილმა თქვა, რომ ჩანაწერი არ უნდა გასაჯაროვდეს. ეს უნდა წაშლილიყო,“-ამბობს გია იაკობაშვილი.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე კი ამბობს, რომ გია იაკობაშვილმა სამხილები მიზანმიმართულად გაანადგურა და ამაზე თანხმობა სამეურვეო საბჭოს არცერთ წევრს არ გაუცია.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პროკურატურას უკვე მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სარჩელს თან დაერთვება დღევანდელი სხდომის ოქმი სადაც იაკობაშვილმა ჩანაწერის წაშლა აღიარა.