17 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა და მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ თავისი გადაწვეტილება განმარტა იმით, რომ არსებობს ბრალდებულების მიმავლის რისკები, ასევე, მათ ხელი შეუშალონ გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებაში. ამიტომ, მან სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველი ლალი აფციაური ამბობს, რომ პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს.

„პატიმრობის საფუძველი ბუნებაში არ არსებობდა. ბრალდებამ ბრძანა, რომ მიიმალება, ამ დროს მაისის შემდეგ გამოძიება მიდის და ყველა დაძახებაზე დადის. მოსამართლე არის უსამართლო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ,“ - განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა. 

კიდევ ერთი ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება, რასაც ბრალდებულებს პროკურატურა ედავება, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

„მიუხედავად იმისა, გამონაკლის შემთხვევებში ხდებოდა ურეცეპტოდ წამლის რეალიზაცია, რასაც გვედავება პროკურატურა, აღნიშნული ქმედება არამც და არამც არ უნდა შეფასდეს როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯადი, გამომდინარე იქედან, რომ არსებობს სპეციალური კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, რომლითაც რეგულირდება აღნიშნული სფერო და ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და აღნიშნული აფთიაქები ყოველთვის, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო აღმოაჩენდა რაიმე სამართალდარღვევას, შესაბამისი ჯარიმებით, 6 ათასი ლარი იქნებოდა თუ 12 ათასი, ჯარიმდებოდნენ. ჩვენი პოზიცია დღეისათვის არის ეს, რომ ქმედებას რომც ქონდეს ადგილი, არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე მუხლის ნიშნებს,“ - განაცხადა ადვოკატმა, ნინო ლალიაშვილმა.

დღის ამბები