გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი Edison Research-ის სოციოლოგიური გამოკითხვას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, კვლევის შედეგებს მიხედვით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი უპირობო ლიდერია.
მისივე თქმით, ეს არის იმის შედეგი, რომ მოსახლეობას აქვს უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ.
„ამ კვლევით გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირობო ლიდერია და ფაქტობრივად გამარჯვებამდე დარჩა თვეზე ცოტა მეტი. 28 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ამას აქვს თავის მიზეზი მოსახლეობის 79 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რაც კი იყო ბოლო პერიოდში აქვს აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულება მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ მოსახლეობას. და რაც ყველაზე მთავარია, ხალხს აქვს სურვილი, რომ დაიწყოს განვითარების ახალი ეტაპი. ეტაპი, როცა ქვეყანა დადგება სწორ გზაზე, როცა ხელისუფლება იფიქრებს ხალხზე და არა საკუთარ ჯიბეებზე,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია. კითხვაზე ვის მისცემდით ხმას დღეს რომ არჩევნები იყოს პასუხები ასე გადანაწილდა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე ხმათა 22% აქვს. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს კი 18%. დამოუკიდებელ, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი უჭერს მხარს. „ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნათალაშვილს კი 8% აქვს.