09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენები სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინასთან მიმართებით გაუბედავი პოზიციისთვის აკრიტიკებენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონის მაღალჩინოსნები აშშ-ის კონგრესში უკრაინის თემაზე სენატორების კითხვებს დაძაბულ გარემოში პასუხობდნენ.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის წარმომადგენლებს საკმაოდ მტკიცე პოზიცია ჰქონდათ უკრაინისთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდებაზე და ადმინისტრაცია კონგრესმენებმა, მათი თქმით, "დაგვიანებული და გაუბედავი" რეაქციისთვის გააკრიტიკეს.

საკმაოდ კატეგორიული იყო ადმინისტრაციის მისამართით სენატორი ბობ მენენდეზი, რომელმაც სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საუბარი შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ მინსკის შეთანხმება უკვე ათასჯერ დაირღვა.

მისნკის შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთა ვიქტორია ნულანდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია დააკვირდება, სრულდება თუ არა მინსკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რათა დასავლეთის მხრიდან ახალი სანქციები დაწესდეს.  

“ჩვენ არ გადაგვიცია უკრაინელების მიერ მოთხოვნილი ყველა შეიარაღება. არსებობს ამის ბევრი ფაქტორი. ჩვენ ვაგრძელებთ ადგილზე ვითარებისა და მინსკის შეთანხმების შესრულებაზე დაკვირვებას,” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

კონგრესში საუბარი საქართველოსაც შეეხო. სენატორმა რონ ჯონსონმა გაიხსენა რამდენიმე დღის წინ სენატში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა და აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის სწრაფმა რეაქციამ - გაეგზავნა აგვისტოს ომის დროს ტვირთი საქართველოში - გარკვეულწილად შეუწყო ხელი რუსეთის აგრესიის შეჩერებას.

სენატორმა მარკო რუბიომ კონგრესში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. მისი განცხადებით, პუტინის მიზანი არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის და ცივი ომის შემდგომი წესრიგის შეცვლაა, ასევე ნატოს დასუსტება და შუაზე გახლეჩა. 

დღის ამბები