19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"ბატონი კუპატაძე გახლავთ კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ბიუჯეტიდან ფული წაიღო სახლში," - ირმა ნადირაშვილი

ჩვენ ვიცით არაერთი ისტორია კუპატაძის და მისი ოჯახის კორუფციაში მონაწილეობის შესახებ - ეს განცხადება, ირმა ნადირაშვილმა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსზე საუბრისას გააკეთა. 

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი თეიმურაზ კუპატაძის ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გურაძის, იგივე ლავას ოღლის საქართველოში შემოსვლასთან კავშირზე საუბრობს.

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ლავას ოღლის თეიმურაზ კუპატაძე მფარველობდა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი კორუფციის ნათელი მაგალითია. 

„რამდენიმე მიზეზი არსებობდა, რის გამოც ამომრჩეველმა უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“. ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კორუფცია იყო და ის რომ მთელი ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში თავისი ოჯახის წევრებით. ბატონი კუპატაძე გახლავთ ამის  კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება ბიუჯეტიდან ფული წაიღო სახლში. ჩვენ ვიცით არაერთი ისტორია კუპატაძის და მისი ოჯახის კორუფციაში მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, ის ასევე კლასიკური მაგალითი გახლავთ იმის, როგორ არის სახელმწიფო გარიგებული კრიმინალთან და ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავასახელოთ ლავას ოღლის მაგალითი, რომელიც ვიცით, რომ გადმოდიოდა ზუსტად აჭარაში საზღვარზე იმით, რომ მას მფარველობდა ბატონი კუპატაძე. ეს არის ის ინფორმაციები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა და რომლის უარყოფაც ხელისუფლებას არც ერთხელ არ უცდია,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის, სიმამრი - ავთანდილ ტაბუცაძე, ე.წ კანონიერი ქურდების მეგობარია. 

გარდა ამისა, "კურიერის" ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილიშვილის ნათლიაა.

ოპოზიცია საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაარკვია, რომ ავთანდილ ტაბუცაძეს ქართულმა ოცნებამ რაჭაში  სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზება დაავალა. ოპოზიცია ამბობს, რომ ტაბუცაძესთან ამ პროცესში ჩართული იყო კანონიერი ქურდი გია ხმელიძე, იგივე "ხმელო". 

დღის ამბები