19 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
აქცია ოპოზიციის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირზე "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი თავდასხმის ობიექტი რამდენჯერმე გახდა

”არა ნაციზმს! არა მიშას!” - ამ მოწოდებებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9 წელი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა 11 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა მოითხოვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის გარდა, აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ. აცხადებდნენ, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების მცდელობა აქვს.

ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია” ქართული ოცნების” მთავარი იდეოლოგიის, გოგა ხაინდრავას ორგანიზებით გაიმართა რუსთაველის თეატრშიც. აქციის მთავარი მიზანი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა იყო, თუმცა აგრესია „რუსთავი2“-ის მიმართ არც ამ შემთხვევაში არ დაუმალავს. „ქართული ოცნების“ მთავარი იდეოლოგი ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა და არხის სამაუწყებლო აპარატურა დააზიანა. „რუსთავი 2“-თან საუბარი არც ლევან გაჩეჩილაძემ ისურვა.

„რუსთავი 2“-ის მიმართ დღეს განსაკუთრებულად აგრესიული იყო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ირაკლი რუხაძე, რომლიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ტელევიზია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა, ლონდონის სასმართლოში წაგებული დავის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.

ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა, ამ სათაურით გამოქვეყნდა მასალა დღეს ბიზნეს გამოცემაში. მოსამართლე კოკერილზე დაყრდნობით forbes წერს, რომ ირაკლი რუხაძეს ბრიტანულ სასამართლო შეცდომაში შეჰყავდა და დაკითხვის დროს ცრუობდა.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზე ”რუსთავი2”-ის კრიტიკა და გაუქმება დღეს რუსთველის თეატრში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ქვეყნის ყველაზე კრიტიკული და რეიტინგულ მედიას ტრადიციულად, ნინელი ჭანკვეტაძე, მანანა ბერიკაშვილი და ქეთი დოლიძე დაუპირისპირდნენ.

რუსთაველის თეატრში შეკრებილები „რუსთავი 2“-ის გაუქმებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასაც ითხოვდნენ.

რუსთაველის თეატრიდან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც ორგანიზატორებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. გამომსვლელებს შორის იყო გოჩა ძასოხოვიც. ბიზნესმენი, რომლიც საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა. ძახოსოვი არ მალავს, რომ ის საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სკოლების გახსნას გეგმავდა, სადაც სავალდებულო ენა რუსული იქნებოდა.

ოპოზიციის წინააღმდეგ აქციების გაგრძელებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ.

დღის ამბები