19 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
თუ ჩვენ დედის რძესავით შევირგებთ ამ ძალადობას, ძალადობა გაგრძელდება - მიხეილ სააკაშვილი თაკო ჩარკვიანზე თავდასხმას ეხმაურება

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანზე თავდასხმას ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით ქვეყანაში ოპოზიციის მხარდამჭერების დევნა და დაშინება დაიწყო.

„დღეს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, რომლებიც აცილებდნენ თავის შვილს უცხოეთში, დაესხა თავს ხელისუფლების მიგზავნილი 6 პროვოკატორი, 6 მოძალადე კრიმინალი. მათ უნდათ, ჩვენ დაგვაშინონ, მაგრამ ივანიშვილი თვითონ არის შეშინებული,“ - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ვიდეომიმართვაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო, თუმცა, მისი 100 ათასამდე მხარდამჭერის ხმა გააბათილეს.

„თითქმის, 100 ათასი ბიულეტენი არის ოფიციალურად გაბათილებული, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა არის ვაშაძისთვის მიცემული ხმები. ამავე დროს, კარუსელების მეშვეობით ჩაყრილია, მინიმუმ, 200 ათასი ხმა. ძველი ბიჭების მეშვეობით და კარუსელების მეშვეობით მოხდა ეგზიტპოლების მანიპულირება. ჩვენ ავიღეთ, თითქმის, 900 ათასი ხმა, თეორიულადაც კი შეუძლებელია საქართველოში აიღო 900 ათასი ხმა და არჩევნები არ მოიგო იმიტომ, რომ ასეთია მოსახლეობის რაოდენობა. 2016-ში ოცნებამ მოახერხა და ბევრად ნაკლები ხმით აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიკამათოთ, ვინ არასწორად რა გააკეთა, ტაქტიკა იყო, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, თქვენ არჩევნები მოიგეთ. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი კანდიდატით, გრიგოლ ვაშაძით და დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ილაპარაკა იმაზე, რომ ამ არჩევნებს არ ჰქონდა საერთო თავისუფალ არჩევნებთან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ აქციას, რომელიც ხვალ რუსთაველზე 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ენმ-ის ლიდერი მოსახლეობას უსამართლობის გაპროტესტების მიზნით რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„თუ ჩვენ დედის რძესავით შევირგებთ ამ ძალადობას, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამიტომ, ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველზე, ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის და არა ჩემთვის და არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი არ მინდა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თაკო ჩარკვიანს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ღია მხარდამჭერია, რამდენიმე პირი დაჯგუფების წევრები თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ის მეუღლესთან, ჯონი გიგანთან ერთად აეროპორტში შვილს აცილებდა.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თაკო ჩარკვიანი თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგან დაჯგუფების წევრები მათ შეურაცხყოფას სწორედ პოლიტიკური სიმპათიის გამო აყენებდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები