კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. მათი შეფასებით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა დაუშვებელია.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, ამბობს, რომ ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელშეშლა დაუშვებელია.
„ამ ფაქტს რეაგირება ნამდვილად სჭირდება. ძალადობა დღეს არის ერთ-ერთი ნიშანი ამ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვებრძოლოთ,“ - განაცხადა წერეთელმა.
შენების მოძრაობის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ძალადობას გმობს.
„თუ არიან ადამიანები, რომლებსაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურთ, ალბათ, ამით შემოვიფარგოლოთ, გამოვაცხადოთ, რომ მათ არ სურთ საზოგადოებასთან ურთიერთობა,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის, ნანა კაკაბაძე.
„ცალსახად ჩანს ყველაფერი კადრებში, ამიტომ ამაზე მყისიერად უნდა მოხდეს საქმის აღძვრა და გამოძიება ამ საკითხის და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ნანა კაკაბაძე და ის პირები, ვინც ჩანან ამ კადრებში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გააკეთეთ ეს ყველაფერი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა მაინც გამოიჩინოთ და გქონდეთ შესაბამისი რეაგირება მსგავს ფაქტებზე,“ - განაცხადა ვაშაძემ.
კურიერის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ დაესხნენ, როდესაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო, გამოძიება შსს მ სისხლის სამართლის 3 მუხლით დაიწყო - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება და ოფისში უკანონო შეღწევის გამო.
ბოლო მუხლი, სავარაუდოდ, სწორედ რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ეხება, რომელსაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა დააზიანეს ტელეკომპანიის აპარატურა და ოფისიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს ჟურნალისტი და ოპერატორი.